გლაუკომა – “მედიქალსიტი“-ს ექიმი ოფთალმოლოგი ეკატერინე ქურციკიძე

ნანახია 1427-ჯერ.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, 40-დან 50 წლამდე ასაკის მოსახლეობის 2%-ს და 70 წელს გადაცილებულთა 8%-ს მაღალი თვალშიგა წნევა აქვს; მხედველობა დაკარგულ პაციენტთა 9-12%-ს გლაუკომის დიაგნოზს უსვამენ. ამ პათოლოგიით ყოველწლიურად 5 500-მდე ადამიანი ბრმავდება.

გლაუკომასთან დაკავშირებით აქტუალურ კითხვებს, ჰოსპიტალ “მედიქალსიტი“ -ს ექიმი ოფთალმოლოგი ეკატერინე ქურციკიძე უპასუხებს.

glaukoma-stadies– რა არის გლაუკომა?

– გლაუკომა არის დაავადება რომელიც იწვევს მხედველობის ნერვის შეუქცევად დაზიანებას და მხედველობის ველის შევიწროვებას, რაც საბოლოოდ ხდება სრული სიბრმავის მიზეზი..

– რა იწვევს გლაუკომის განვითარებას ?

– გლაუკომის გამომწვევი ზუსტი მიზეზი ცნობილი არ არის, თუმცა ყველაზე ხშირად გლაუკომა ვითარდება  სისხლძარღვოვანი პათოლოგიების დროს. გლაუკომის განვითარების რისკფაქტორებს მიეკუთვნება:

– ასაკი (45 წლის შემდეგ)

– გენეტიკური განწყობა

– მაღალი თვალშიგა წნევა

– ვიწრო წინა საკანი

– სტეროიდების ხანგრძლივი მიღება

– ზოგადი დაავადებები (შაქრიანი დიაბეტი, ჰიპოთირეოზი, ათეროსკლეროზი, ჰიპერტენზია და სხვ. )

– თვალის დაავადებები (თვალის ანთებითი პროცესები და სხვ.)

– მაღალი ახლომხედველობა

– ტრავმა

– ცნობილია, რომ გლაუკომის დამახასიათებელი ნიშანია თვალშიგა წნევის მომატება. თუ არსებობს გლაუკომა დაბალი წნევით?

– დღეს უკვე ცნობილია, რომ გლაუკომა შეიძლება მიმდინარეობდეს არა მარტო მომატებული, არამედ ნორმალური თვალშიგა წნევის (თშწ) ფონზე  ე.წ  ნორმოტენზიური გლაუკომა, რომლის დროსაც  „ნორმალური“ თშწ ასევე აზიანებს მხედველობის ნერვს და ასევე მოითხოვს  დაქვეითებას. თუ ადამიანთა 80%-სთვის ეს წნევა ნორმალურია, რომელიმე პაციენტისთვის ის შეიძლება
მომატებულად  ჩაითვალოს. ასეთ დროს, თუ მხედველობის ფუნქციები ქვეითდება და გლაუკომაზე გვაქვს ეჭვი, ვატარებთ სპეციალურ გლაუკომის დიაგნოსტირებისთვის აუცილებელ ზოგად და დამატებით (ოპტიკურ–კოჰერენტული ტომოგრაფია და კომპიუტერული 13063082_262213264117617_371792440901844488_o-1პერიმეტრია) ოფთალმოლოგიურ გამოკვლევებს, რომელიც  გლაუკომის არსებობას ადასტურებს.

– თქვენ მემკვიდრეობა ახსენეთ, გადაეცემა თუ არა ეს დაავადება შთამომავლობას?

-გლაუკომა შთამომავლობას ყოველთვის არ გადაეცემა, მაგრამ თუ პირველი რიგის მემკვიდრეებს აქვთ ეს დაავადება , ადამიანი მუდვივი მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იყოს.გენეტიკურად გადაეცემა რეფრაქცია (სინათლის სხივის გარდატეხის უნარი). სხვადასხვა რეფრაქცის დროს გლაუკომის სხვადასხვა ფორმა ვითარდება.

– გლაუკომა რა კლინიკური ნიშნებით ხასიათდება?

ღიაკუთხოვანი გლაუკომა ხშირად შეუმჩნევლად იწყება,  ახასიათებს:

– უსიმპტომო მიმდინარეობა (ხანგრძლივად, წლების განმავლობაში)

– მომატებული თვალშიგა წნევა

– მხედველობის ველის შევიწროვება

– მხედველობის პერიოდული დაბინდვა

დახურულკუთხიანი კი,   აშკარა სიმპტომებით. თვალშიგა სითხის დინების სრული ბლოკის შემთხვევაში ვითარდება გლაუკომის მწვავე შეტევა, რომელსაც  ახასიათებს :

– თვალშიგა წნევის მკვეთრი და უეცარი მომატება (60-80 მმ ვწყ. სვ.)

– ძლიერი ტკივილი

– თვალის გაწითლება

– რქოვანა გარსის დანისვლა და მხედველობის მკვეთრი დაქვეითება

– გულისრევის შეგრძნება და ღებინება

– გუგა ფართოვდება და სინათლეზე არ რეაგირებს

– ხელით შეხებისას თვალის კაკალი ძალიან მაგარია

შეიძლება, გლაუკომის კლინიკური სურათი მკვეთრი შეტევითი ტკივილით გამოვლინდეს. ტკივილი ზოგჯერ ისე ძლიერია, რომ გულისრევას და ღებინებას იწვევს და ხანდახან მცდარი დიაგნოზის მიზეზი ხდება.

12001991_1132925666722428_555639137_o– როგორ მკურნალობენ გლაუკომას?

– გლაუკომის მკურნალობის მთავარი მიზანია თშწ–ის დაქვეითება და თვალშიგა სითხის
ნორმალური ცირკულაციის აღდგენაა. გლაუკომების მკურნალობა შესაძლებელია მედიკამენტოზური, ლაზერული და ქირურგიული მეთოდებით. როგორებიცაა ექსიმერლაზერული ტრაბეკულოტომია, ტრებეკულოტომია, ირიდექტომია, ექსპრეს შუნტის იმპლანტაცია და სხვა.

– რა შემთხვევაში მიმართავენ თვალის კაკლის ამოღებას-ენუკლეაციას?

-ეს უკიდურესი ზომაა. იგი მაშინ გამოიყენება, როცა არამხედველი, აბსოლუტური სიბრმავის თვალი პაციენტს ძლიერ სტკივა.ზოგჯერ ტკივილი ისეთი გაუსაძლისია, რომ პაციენტი თვითონვე ითხოვს ენუკლეაციის ჩატარებას, რადგან მტკივანი თვალი მეორესაც აღიზიანებს. ენუკლეაციის შემდეგ თვალის პროთეზი იდგმება.

-რას გულისხმობს გლაუკომის პროფილაკტიკა?

– მხედველობის ნერვის დაზიანების პროგრესირების შეჩერებისთვის და სრული სიბრმავის განვითარების პროფილაქტიკის მიზნით გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს გლაუკომის დროულად გამოვლენას და მკურნალობას ზოგადი პროფილის ექიმის ან ოფთალმოლოგის მიერ. ამიტომ ღიაკუთხიანი და ნორმოტენზიური გლაუკომის, დაავადების საწყის სტადიაზე უსიმპტომო მიმდინარეობის გამო, რეკომენდებულია წელიწადში ერთხელ ზოგადი ოფთალმოლოგიური გამოკვლევის ჩატარება 45 წლის ასაკის შემდეგ. აუცილებელია ექიმის დანიშნულების ზუსტად შესრულება და თშწ–ის მუდმივი კონტროლი ტონომეტრიის საშუალებით. სასურველია ნერვული და ფიზიკური დაძაბულობის თავიდან აცილება. მნიშვნელოვანია სისხლძარღვოვანი პათოლოგიების განვითარების შეფერხება.