რა უნდა ვიცოდეთ რენტგენის შესახებ? – ჰოსპიტალ “მედიქალსიტი“-ის ექიმი რენტგენოლოგი ბერდია ბანძელაძე

ნანახია 2189-ჯერ.

DSC_1290ბოლო ხანებში ხშირად გაიგონებდით, დაბინძურებული ეკოლოგიური გარემოთი ჯანმრთელობა შერყეულ ჩვენს თანამემამულეებს რენტგენოლოგიური გამოკვლევა და მისი მაიონიზირებელი გამოსხივება საბოლოოდ ანადგურებსო.

ბევრს ჰგონია, რომ რენტგენოლოგიური გამოკვლევა უფრო მეტ ზიანს აყენებს მის ჯანმრთელობას, ვიდრე დაბინძურებული ჰაერი, წყალი, საკვები, რადიაქტიური ნივთიერებებით გაჯერებული საყოფაცხოვრებო საქონელი ან თუნდაც მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედება.

რენტგენოლოგიურ კვლევებზე, მის მნიშნველობასა და დასხივებისგან თავდაცვის გზებზე ჰოსპიტალ “მედიქალსიტი“-ს ექიმი რენტგენოლოგი ბერდია ბანძელაძე გვესაუბრება.

 – რამდენად მართებულია დამოკიდებულება, რომ რენტგენოლოგიური გამოკვლევა ადამიანის ჯანმრთელობაზე ცუდ ზეგავლენას ახდენს?

– ნებისმიერი თუნდაც დაბალი დოზის გამოსხივება ადამიანის ორგანიზმს ვნებს, მაგრამ თუ იმუნური სისტემა და თავდაცვის სხვა მექანიზმები წესრიგშია დასხივებისას მიღებული ზიანი უკვალოდ ქრება.

 – რამდენად მიზანშეწონილია, არასასურველი დასხივებისგან თავის შეკავების მიზნით, რენტგენოლოგიური კვლევა სხვა ალტერნატივით ჩავანაცვლოთ?

– დღესაც კი, როდესაც დიაგნოსტიკის უამრავი ახალი მეთოდი არსებობს რენტგენოლოგიურ გამოკვლევას მნიშვნელობა არ დაუკარგავს, ეს ყველაზე მეტად პროფილაქტიკურ გამოკვლევებს, მაგალითად , მწვავე ბრონქიტის, მწვავე პნევმონიის,  ფილტვების ტუბერკულოზის ადრეულ დიაგნოსტირებას ეხება. აღარაფერს ვამბობთ ტრამვატოლოგიაში მის ფართო გამოყენებაზე.

 – თუ არსებობს რაიმე სტანდარტი, გამოსხივების დასაშვებ დოზებთან დაკავშირებით?page78

– ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიამ დაადგინა მაიონიზირებელი გამოსხივების წლიურად დასაშვები დოზა, რომელიც ადამიანის ორგანიზმისთვის შედარებით ნაკლებად მავნებელია. ეს დოზა არის 150 მილიზივერტი. ხოლო გამოსხივების დოზები, რომელსაც ადამიანი სხვადასხვა გამოკვლევების დროს იღებს შემდეგია: გულმკერდის ღრუს ორგანოების რენტგენოგრაფია (1 პროექცია) – 0,6-0,8 მილიზივერტი; მენჯ-ბარძაყის სახსრის რენტგენოგრაფია (1 პროექცია) – 0,3-0,5 მილიზივერტი.. შესაბამისად ამ დოზებით თუ ვიმსჯელებთ რენტგენოლოგიური გამოკვლევებისას ადამიანის ორგანიზმისათვის მიყენებული ზიანი, სტანდარტულ შემთხვევებში არც ისე მაღალია.

– როგორ მოვიქცეთ, რომ ნაკლები დასხივება მივიღოთ?

– ერიდეთ გაუმართლებელ რენტგენოლოგირ გამოკვლევებს, თუ არჩევანი გაქვთ ეცადეთ რენტგენის ნაცვლად რომელიმე სხვა ორგანიზმისათვის ნაკლებად მავნებელი გამოკვლევა ჩაიტაროთ. თუ პოლიკლინიკის ექიმი რაიმე საეჭვოს შეამჩნევს უმჯობესია პირდაპირ სპეციალიზირებულ კლინიკას მიმართოთ და დიაგნოსტიკური გამოკვლევებიც იქ ჩაიტაროთ.

– პირველადი ჯანდაცვის პროგრამა რომელიც მოქმედებს, გულისხმობს რომ პირველადი დიაგნოსტიკა სწორედ რაიონულ პოლიკლინიკაში უნდა მოხდეს..

– მართალია, თუმცა როგორც ავღნიშნე საეჭვო დიაგნოზის შემთხვევაში, განმეორებითი კვლევა რომ თავიდან ავიცილოთ,  სასურველია სპეციალიზირებულ კლინიკას მივმართოთ.

– მიზანშეწონილია თუ არა, ბავშვებისთვის რენტგენოლოგიური კვლევების ჩატარება?

– ეჭვგარეშეა, რომ მაიონიზირებელი გამოსხივებისადმი ბავშვები გაცილებით მგრძნობიარენი არიან, ამიტომ 15 წლამდე განსაკუთრებით უნდა ვერიდოთ გაუმართლებელ რენტგენოლოგიურ გამოკვლევებს.

DSC_1294– თუ არსებობს პაციენტების კატეგორია, ვისთვისაც ამ კვლევის ჩატარება დაუშვებელია?

– ორსულებს და მათ ვისაც ეჭვის აქვს რომ ორსულად არიან, არა მხოლოდ არ უნდა ჩაუტარდეს რენტგენოლოგიური გამოკვლევა, არამედ მათი გამოკვლევებისთვის განკუთვნილ კაბინეტში შესვლაც კი აკრძალულია.

– საკმაოდ გავრცელებული მეთოდია დასხივების არასასურველი შედეგების თავიდან აცილების მიზნით, სხვადასვა საკვები პროდუქტების გამოყენება..

– რენტგენოლოგიური გამოკვლევების არასასურველ შედეგებს ყველაზე უკეთ ამცირებენ A, C და E ვიტამინები, რომელთაც ჩინებული ანტიოქსიდური თვისებები გააჩნიათ. რეკომენდებულია ასევე, ნატურალური ანტიოქსიდანტების მიღება, მაგალითად წითელი ღვინო და ქიშმიში, რომელთაც ხანგრძლივი მოქმედება ახასიათებთ. ეფექტურია  საკვებ რაციონში არაჟანის და ხაჭოს ჩართვაც. აღსანიშნავია რომ ამ პროდუქტების გამოყენება, ბევრად უფრო შედეგიანია, ვიდრე საყოველთაოდ აღიარებული რძე.