ნაღველკეჭოვანი დაავადებები

ნანახია 221-ჯერ.

ნაღველკენჭოვანი დაავადება ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა, რომელიც ხასიათდება ნაღვლის ბუშტსა და სანაღვლე გზებში კენჭების გაჩენით. ნაღვლის კენჭები კრისტალური სტრუქტურებია, რომლებიც შესაძლოა, წარმოდგენილი იყოს როგორც ერთეული, ისე მრავლობითი სახით და არა მარტო ნაღვლის ბუშტში, არამედ ღვიძლსა და ნაღვლის სადინარებშიც.

ეს დაავადება შეიძლება დაემართოს ყველას, განურჩევლად სქესისა და ასაკისა, თუმცა შედარებით იშვიათია ბავშვებსა და მოზარდებში და ძირითადად, 40 წლის ზემოთ ემართებათ.

 

სიმპტომები: ნაღველკენჭოვანი დაავადების სიმპტომებია:

 

ტკივილი, რომელიც ძირითადად მარჯვენა ნეკნქვეშა მიდამოში ვითარდება და მარცხენა მხარში ან ბეჭში გადაეცემა – ტკივილის აღმოცენება, უმეტესწილად ცხიმიანი ან ცხარე საკვების მიღებას უკავშირდება, ან ხანგრძლივი სიარულის, ფიზიკური დატვირთვის, ფსიქოემოციური გადაძაბვის ფონზე აღმოცენდება;

ტკივილს შესაძლოა ახლდეს – მუცლის შებერილობა, გულისრევის შეგრძნება, ღებინება და გულძმარვა;

თუ შეტევა კენჭის დაძვრისა და მისი გაჭედვის შედეგად განვითარდა, აღინიშნება – კანისა და სკლერების სიყვითლე და ტემპერატურის მომატება.

გამომწვევი მიზეზები

 

ნაღველკენჭოვანი დაავადების გამომწვევი ძირითადი ფაქტორებია:

ნივთიერებათა ცვლის დარღვევა – კერძოდ, ქოლესტერინის, ნაღვლის მჟავებისა და ფოსფოლიპიდების პროცენტული თანაფარდობის შეცვლა;

ნაღვლის ბუშტისა და სანაღვლე გზების ანთებითი ცვლილებები;

ქოლესტაზი, ანუ ნაღვლის ბუშტში ნაღვლის შეგუბება.

გარდა ამისა, ცნობილია ბევრი სხვა ხელშემწყობი ფაქტორიც, მათ შორის:

გენეტიკური ფაქტორი;

ზოგადი დაავადებები – ანთება, სიმსუქნე, შაქრიანი დიაბეტი, ათეროსკლეროზი, პოდაგრა, თირკმელების ქრონიკული უკმარისობა, ჰემოლიზური ანემია და ა.შ.;

ზოგიერთი მედიკამენტი – მაგალითად, ჩასახვის საწინააღმდეგო პრეპარატები და ა.შ.;

არასწორი დიეტა – ნაღვლის ბუშტში კენჭების ჩალაგება ყველაზე მეტად მათ ემუქრებათ, ვისაც წონაში სწრაფად დაკლება სურთ. მკაცრი დიეტის დროს ნივთიერებათა ცვლა საგრძნობლად ირღვევა, რაც ქვების წარმოქმნას განაპირობებს. ჭარბი წონა – ქოლესტეროლის მაღალი შემცველობა, ნაღვლის ბუშტის დაცლის შეფერხება აღინიშნება ჭარბი წონის შემთხვევაში, რაც კენჭის წარმოქმნას უწყობს ხელს.

სქესი

– ქალებს ნაღველკენჭოვანი დაავადება მამაკაცებზე ხშირად ემართებათ. ამაში განსაზღვრულ როლს ასრულებენ ქალური ჰორმონები, ორსულობის პერიოდში განვითარებული ჰორმონული დისბალანსი.

 

ასაკი

– 40 წლის შემდეგ დაავადების განვითარების ალბათობა იმატებს.

ვისთვის უფრო დიდი რისკია დაავადების წარმოქმნის?

ორსულებისა და ქალებისთვის, რომლებიც კონტრაცეპტივებს ექიმის დანიშნულების გარეშე იღებენ. ჭარბწონიანებისთვის 20-60 წლამდე ასაკის ნებისმიერი ადამიანისთვის

შაქრიანი დიაბეტის მქონეთათვის.

როგორ ვლინდება დაავადება ნაღველკენჭოვან დაავადებას ახასიათებს მწვავე, შეტევითი და ძლიერი ტკივილი, რომელიც მარჯვენა ფერდქვეშა არეში, ღვიძლთან ახლოს იწყება და ვრცელდება ზურგსა და ბეჭზე. ხშირ შემთხვევაში კენჭოვან ჭვალს თან სდევს გულისრევის შეგრძნება და ღებინება. ტკივილის სიძლიერიდან გამომდინარე, ზოგჯერ ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტის მიცემა ხდება აუცილებელი, იშვიათად კი – ოპერაცია.

როგორ დავიცვათ თავი

ნაღველკენჭოვანი დაავადების დროს ექიმი უთუოდ დაგინიშნავთ დიეტას. მასში მინიმუმამდეა დაყვანილი ცხიმის, ორგანიზმისთვის მავნე ქოლესტერინის შემცველობა. კერძებიც მეტწილად მოხარშულია და წყლის ორთქლზე მზადდება.

 

რეკომენდებულია:

 

– წინა დღის, კარგად გამომშრალი თეთრი პური;

– ბოსტნეულისა და ბურღულის წვნიანი;

– საქონლის, ფრინველის მჭლე ხორცი და თევზი;

– დაბალი ცხიმიანობის რძის პროდუქტები;

– ბოსტნეული, კენკრა.

არაა რეკომენდებული:

– ახალი, თბილი პური, ქადა-ნაზუქი, ფუნთუშები;

– ხორცის, ქათმის და სოკოს წვნიანი;

– ცხიმიანი ხორცი, განსაკუთრებით ღორისა და ცხვრის ცხიმი;

– შებოლილი, დაკონსერვებული პროდუქტი;

– ნაღები, მაღალი ცხიმიანობის რძე;

– ბარდა, მჟაუნა, ბოლოკი, პრასი, ნიორი, მწნილები;

– შოკოლადი, კრემიანი ნამცხვარი, ნალექიანი ყავა, კაკაო.