რატომ უნდა მივირთვათ წვნიანი?

ნანახია 149-ჯერ.

არიან ადამიანები,  რომელთაც სუპებს მშრალი საკვები ურჩევნიათ ზოგიერთი კი წვნიან კერძებს საერთოდ არ გეახლებათ. ეს ის ხალხია, ვინც არ იცის, რომ წვნიანი საკვები  მხოლოდ სასარგებლო კი არა, აუცილებელია ორგანიზმისთვის . ხორცისა თუ სოკოს ნახარშში შემავალი ექსტარქტოვანი ნივთიერებები, ხახვიდან, ბოსტნეულიდან გამოყოფილი სასარგებლო კომპონენეტები სპეციფიკურ გავლენას ახდენს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ცალკეულ ორგანოებსა თუ ქსოვილებზე, ასტიმულირებს, ააქტიურებს საჭმლის მომნელებელი ფერმენტებისა და წვენების გამომყოფ ჯირკვლებს, ხელს უწყობს საკვებ ნივთიერებათა სათანადო შეწოვა-შეთვისებას და აუმჯობესებს მადას. ასე რომ, წვნიანი აუცილებლად უნდა მიირთვათ, თანაც – სადილად, პირველ თავად, რათა მეორე თავი, რომელიც ასე გიყვართ უკეთ შეითვისოთ და შეირგოთ.

წვნიანია კერძების მოსამზადებლად სხვადასხვა პროდუქტი გამოიყენება – ბოსტნეული, მაკარონის ნაწარმი, ბურღულეული, პარკოსნები, ხორცი, თევზი, სოკო და ა.შ. ყველა მათგანი სავსეა ორგანიზმისთვის საჩირო ნივთიერებებით – ცილებით, ცხიმებით, ნახშირწყლებით, ვიტამინებითა თუ მინერალური ნივთიერებებით. წვნიანი კერძები უმთავრესად ხორცის, სოკოს ან თევზის ნახარშისგან მზადდება, თუმცა არანაკლებ სასარგებლოა ე.წ დიეტური წვნიანები – ვეგეტარიანული კერძები.

ხორცის, თევზისა და სოკოს ბულიონები ძლიერ მარგებელია. თუ ადამიანს ნივთიერებათა ცვლის მოშლილობა არ აღენიშნება, არა ააქვს დარღვეული მონელებისა და შეწოვის ფუნქცია, არ აწუხებს კუჭ-ნაწლავის ან ღვიძლის პათოლოგიები, ასეთი ნახარში კვირაში ერთხელ მაინც უნდა მიირთვას , მართალია, ბულიონები კალორიულია, მაგრამ ექსტრაქტოვან ნითიერებათა შემცველობის გამო ისინი შესანიშნავი მადის აღმძვრელი საშუალება გახლავთ და რაც მთავარია, საუცხოო გემოთი გამოირჩევა. განსაკუთრებით გემრიელი და სასარგებლოა ქათმისა და საქონლის ხორცის ბულიონები. მაღალი კვებითი ღირებულება აქვს ძვლების ნახარშსაც – ისინი აზოტის შემცველი და მინერეალური ნივთიერებებით არის გაჯერებული. საქონლის ძვლების ბულიონი ცხვრისა და ღორისაზე გაცილებით უკეთესია. ისიც გაითვალისწინეთ,  რომ ძვლები განსხვავებული რაოდენობით შეიცავს ცხიმს, მინერელურ მარილებს, ცილებს, წყალს და ა.შ. მაგალითად, ცხიმით ბარძაყებისა და მხრის ძვლები უფროა გაჯერებული, ხოლო ნეკნები, მკერდის ძვალი და მალები უფრო მეტად ცილებითაა მდიდარი. ხორცისა და ძვლების შემადგენლობა დამოკიდებულია ცხოველისა და ფრინველის ასაკზეც.

საკვები ნივთიერებებით რომ გაამდიდრონ, ბულიონებს ხშირად უმატებენ ხახვს, სტაფილოს, ოხრახუშსა და კამას. ჰო, კამა, ისევე, როგორც კარტოფილი ვეგეტარიანული წვნიანის აუვილებელი კომპონენტია.

ვეგეტარიანულ კერძებს შორის განსაკუთრებით სასარგებლოა ბორშჩი – წვნიანი, რომლის მთავარი კომპონენტები კომბოსტო და ჭარხალი გახლავთ, თუ რაიმე მიზეზით ხორცის ნახარშისგან  მომზადებული კერძი არ გეჭმევათ, უთუოდ მიირთვით ე.წ დიეტური (წყალში მოხარშული) ბორშჩი. სტაფილოში, კომბოსტოში, მწვანილში, ხახვსა და ჭარხალში თავმოყრილია ყველა სახის ვიტამინი, უამრავი მინერალური თუ არომატული ნივთიერება, რომლებიც ჩინებულად შეავსებენ თქვენი ორგანიზმის ცვლის ბალანსს.

წვნიანი კერძების მომზადებისას უთუოდ უნდა გახსოვდეთ, რომ ბოსტნეულში , განსაკუთრებით – სტაფილოსა და ჭარხალში, შემავალი არომატული ნივთიერებების დანაკარგი მინიმალური იქნება, თუ მათ გახეხავთ, წინასწარ მოხრაკავთ ცხიმში და ასე ჩაუშვებთ წვნიანში. ცხიმის წყალობით არომატული და პიგმენტური ნაერთსები არ იშლება და ხანგრძლივად ინარჩუნებს სტრუქტურას. თუმცა მოხრაკვას სხვა მიზანიც აქვს. საქმე ის გახლავთ, რომ, მაგალითად სტაფილო დიდი რაოდენობით შეიცავს კაროტინს, რომელიც ორგანიზმში A ვიტამინად გარდაოქმნება, ამიტომ მას A პროვიტამინსაც უწოდებენ. უმი და მოხარშული სტაფილოდან კაროტინი უმნიშვნელოდ შეითვისება, ცხიმში გახსნილს კი ორგანიზმი ბევრად უკეთესად შეიწოვს.

ბოსტნეულის წვნიანების მომზადებისას უნდა გაითვალისწინოთ C ვიტამინის შენარჩუნების წესიც. ეს ვიტამინი ასკორბინის მჟავას წარმოადგენს. ზოგი ბოსტნეული კი მასთან ერთად ფერმენტ ასკორბინაზასაც შეიცავს, რომელიც C ვიტამინს ჟანგავს და ჟანგბადის მიმართ მის მდგრადობას ამცირებს. ზოგიერთ ბოსტნეულს დაჭრილს ტოვებენ წყალში, ეს კი C ვიტამინს შლის. ასკორბინმჟავა მაღალი ტემპერატურის ზემოქმედებითაც იშლება, ამიტომაც სასურველია, ბოსტნეული უკვე მდუღარე ნახარშში  ან წყალში ჩავუშვათ და თავდახურულ ჭურჭელში დიდხანს არ ხარშოთ.

მდუღარე წვნიანის მირთმევა არასასურველია. მისი ტემპერატურა 60-70 გრადუსს არ უნდა აღემატებოდეს. ამაზე ცხელი კერძი საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ორგანოებს აღიზიანებს და შეწოვას მონელებას არღვევს.