როდის უნდა ჩავიტაროთ საშვილოსნოს ექოსკოპიური კვლევა?

ნანახია 152-ჯერ.

საშვილოსნოს ულტრაბგერითი კვლევა საშვილოსნოს გამოკვლევის ერთერთი ყველაზე გავრცელებული მეთოდია, რომელიც საშუალებას იძლევა განისაზღვროს მისი ზომები, ფორმა, სტრუქტურა. საშვილოსნოს და მისი დანამატების ულტრაბგერითი კვლევა ტარდება სხვადასხვა გინეკოლოგიური პათოლოგიების დროს, როგორიცაა არარეგულარული მენსტრუალური ციკლი, ხანგრძლივი მტკივნეული მენსტრუაცია, უნაყოფობა, საშვილოსნოდან სისხლდენა და სხვა. გარდა ამისა საშვილოსნოს ულტრაბგერითი კვლევა ორსულობის დამადასტურებელი უტყუარი სადიაგნოსტიკო მეთოდია.

არსებობს საშვილოსნოს ულტრაბგერითი კვლევის ორი მეთოდი: ტრანსაბდომინალური და ტრანსვაგინალური. ტრანსვაგინალური მეთოდის დროს ულტრაბგერითი გადამცემის მოთავსება ხდება საშოს მხრიდან, რაც იძლევა საშვილოსნოს და მისი დანამატების დეტალური შესწავლის საშუალებას.

საშვილოსნოს ულტრაბგერითი კვლევისას ფასდება მისი ზომები, ფორმები, საშვილოსნოს კედლის სისქე, სტრუქტურის ცვლილებები, გარდა ამისა მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული, რომ საშვილოსნოს ზომები ვარირებს ასაკის, ორსულობისა და მშობიარობის რაოდენობის მიხედვით.

საშვილოსნოს ულტრაბგერითი კვლევის მეშვეობით შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი დაავადებები:

საშვილოსნოს მიომა

– საშვილოსნოს კუნთოვანი შრის კეთილთვისებიანი სიმსივნე. ულტრაბგერითი კვლევით ვლინდება საშვილოსნოს ზომაში მატება, მიომატოზური კვანძის არსებობა, მისი მდებარეობა და ზომები.

ენდომეტრიოზი

– საშვილოსნოს ულტრაბგერითი კვლევა არ არის ენდომეტრიოზის დიაგნოსტიკის ზუსტი მეთოდი, თუმცა საშუალებას იძლევა ეჭვი მივიტანოთ, რათა დაინიშნოს კვლევის დამატებითი მეთოდები. ადენომიოზის (შიდა ენდომეტრიოზი) დროს ულტრაბგერითი კვლევით საშვილოსნოს კუნთოვან შრეში შეინიშნება მცირე ღრუების (ბუშტუკების) არსებობა.

საშვილოსნოს განვითარების ანომალიები

– საშვილოსნოს ულტრაბგერითი კვლევით შეიძლება გამოვლინდეს საშვილოსნოს ჰიპოპლაზია, ორრქიანი, გაორებული და უნაგირისებრი საშვილოსნო. საშვილოსნოს განვითარების ანომალიაზე ეჭვის მიტანისას რეკომენდებულია ჰისტეროგრაფიის ჩატარება – საშვილოსნოს ღრუს გამოკვლევა საკონტრასტო ნივთიერების გამოყენებით.

ენდომეტრიუმის პოლიპები

– საშვილოსნოს შიგნითა შრის ლორწოვანი გარსის წანაზარდები, რომელიც შესაძლოა მიმდინარეობდეს უსიმპტომოდ, თუმცა შეიძლება აღინიშნოს სისხლიანი გამონადენი მენსტრუალური ციკლის შუა პერიოდში, და გახდეს უნაყოფობის მიზეზი. ულტრაბგერითი კვლევისას ვლინდება ენდომეტრიუმის არათანაბარი შემსხვილება.

საშვილოსნოს ყელის ან ენდომეტრიუმის კიბო

– ულტრაბგერითი კვლევით დგინდება საშვილოსნოს ყელის კიბოს ზომები, მისი გავრცელების ხარისხი ახლომდებარე ორგანოებზე, ლიმფური კვანძების ცვლილებები. ენდომეტრიუმის კიბოს დროს კი აღინიშნება საშვილოსნოს კედლის შემსხვილება, ნიშნები მსგავსია საშვილოსნოს მიომის ულტრაბგერითი ნიშნებისა.