როდის არის საჭირო ჩიყვის ოპერაციული მკურნალობა?

ნანახია 326-ჯერ.

ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიათა გახშირება ჩვენი დროის სამწუხარო რეალობაა. მათთან ერთად გახშირდა ოპერაციული ჩარევაც ამ ორგანოზე. ბოლო ხანს სულ უფრო ხშირად გვესმის: “ჩიყვის ოპერაცია გაიკეთა”, “ჩიყვი ამოიკვეთა”, “ჩიყვიდან კვანძი ამოიჭრა” და სხვა.

როდის მიიჩნევენ საჭიროდ ენდოკრინოლოგები ფარისებრ ჯირკვალზე ოპერაციულ ჩარევას? როდის დგება დღის წესრიგში ჯირკვლის სრული, ტოტალური ამოკვეთის საკითხი და როდის ხდება მისი ნაწილობრივი რეზექცია (მოკვეთა)?

– ფარისებრი ჯირკვლის სტანდარტული ქირურგიული მკურნალობა, როგორც პირველადი, ისე განმეორებითი ქირურგიული ჩარევა, გულისხმობს ფარისებრი ჯირკვლის ტოტალურ (თირეოიდექტომია) ან ნაწილობრივ (სუბტოტალურ) რეზექციას. ორივე შემთხვევას თავისი ჩვენება აქვს. ფარისებრი ჯირკვლის სრული ტოტალური რეზექცია ანუ თირეოიდექტომია ტარდება ფარისებრი ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნის დროს, ხოლო ნაწილობრივი ანუ სუბტოტალური რეზექცია – შემდეგ კლინიკურ შემთხვევებში:

– დიფუზურ-ტოქსიკური ჩიყვი;
– ფარისებრი ჯირკვლის ადენომა;
– ენდემური ჩიყვი.

კვანძოვანი ჩიყვი ძალზე გავრცელებული პათოლოგიაა. ფარისებრ ჯირკვალში არსებული კვანძი, ჩვეულებრივ, კეთილთვისებიანი წარმონაქმნია, ასიდან მხოლოდ 5 შემთხვევაშია იგი გამოწვეული კიბოს არსებობით. ფარისებრი ჯირკვლის კიბო ადამიანის იშვიათ ავთვისებიან სიმსივნედ არის მიჩნეული და მისი წილი ყოველგვარი ლოკალიზაციის ავთვისებიან სიმსივნეთა შორის 1%-ს არ აღემატება. ამავე დროს, ის ენდოკრინული ორგანოსგან განვითარებული ყველაზე გავრცელებული ავთვისებიანი სიმსივნეა. ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარებული გამოკვლევების მიხედვით, ფარისებრი ჯირკვლის კიბო, განსაკუთრებით – მისი დიფერენცირებული ფორმა, ადამიანის სხვა ლოკალიზაციის კიბოსთან შედარებით მზარდი სიხშირით გამოირჩევა. ფარისებრი ჯირკვლის კიბოს ყველაზე ხშირი ფორმაა პაპილარული კიბო – დაახლოებით 80%. კვანძოვანი ჩიყვი წარმოადგენს ერთ კონკრეტულ ნოზოლოგიას, რადგან ის ფარისებრ ჯირკვალში მიმდინარე სხვადასხვა წარმოშობის პათოლოგიური პროცესების შედეგად ყალიბდება. ერთეული (სოლიტარული) ან მრავლობითი კვანძოვანი წარმონაქმნი შესაძლოა ჩამოყალიბდეს როგორც ნორმალურ ჯირკვალში, ისე დიფუზური ჩიყვის დროს. მრავალკვანძოვანი ჩიყვის შემთხვევაში ერთ-ერთი კვანძი ზრდის ხასიათის, ზომების ან ფუნქციური მახასიათებლების მიხედვით შესაძლოა კლინიკურად დომინანტური აღმოჩნდეს. კვანძოვანი ჩიყვის დიაგნოსტიკური პროცესის (ფარისებრი ჯირკვლის ულტრასონოგრაფია, FT3, FT4, TSH, თირეოგლობულინისა და პეროქსიდაზის საწინააღმდეგო ანტისხეულები, კალციტონინი, წვრილი ნემსით ასპირაციული ციტოლოგია) ძირითადი მიზანია, განასხვაოს ავთვისებიანი წარმონაქმნი როგორც კეთილთვისებიანი კვანძოვანი ჩიყვისგან, ასევე არასიმსივნური კვანძებისგანაც. ეს უკანასკნელი შესაძლოა აღმოაჩნდეთ ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერპლაზიის ან ჯირკვლის სხვადასხვა წარმოშობის ანთებითი პროცესის, მათ შორის აუტოიმუნური დაზიანების მქონე პაციენტებს.