სიმსუქნის სამი ასაკი!

ნანახია 1079-ჯერ.

junk-foodპაწიას ფუნჩულა სხეულზე, ხელებსა და ფეხებზე გაჩენილ ნაკეცებს, პუტკუნა ლოყებს მშობლები სიყვარულითა და კმაყოფილებით შესცქერიან, მაგრამ თუ მოზარდმა დაიწყო წონის მატება, დედ-მამა უმალვე შეფიქრიანდება: “ნეტავ რაშია საქმე, რამე ხომ არ ჭირს?-ეკითხებიან ერთმანეთს და თავიანთ შიშს ნაცნობ მეგობრებს უზიარებენ, აქვთ კიდევაც შეშფოთების საფუძველი-გარდატეხის ასაკში ჭარბი წონა სასიკეთო ნიშანი ნამდვილად არ გახლავთ.

მიზეზები და შედეგები

გაცხიმოვნების უშუალო მიზეზი მეცნიერებისთვის ჯერჯერობით უცნობია. ჩვეულებრივ გამოყოფენ ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებულ სამ მთავარ ფაქტორს: მემკვიდრეობას, ენდოკრინულპრობლემებსა და საკუთრივ ჭარბ კვებას.

საზოგადოდ, კვების წესი სიცოცხლის პირველივე წლებიდან უნდა ჩადგეს მწყობრში, რათა სიმსუქნემ და მასთან დაკავშირებულმა მრავალმა დაავადებამ მომავალში თქვენ და თქვენ შვილებს ცხოვრება არ გაგირთულოთ.

სპეციალისტებს თუ დავუჯერებთ, სიმსუქნეს აქვს სამი ასაკი. სხვაგვარად რომ ვთქვათ, არსებობს სიცოცხლის სამი ეტაპი, რომელთა მართებულ წარმართვაზეც ბევრადაა დამოკიდებული ადამიანის ჯანმრთელობა და კეთილდღეობა.

ასაკი პირველი – ძუძუთი კვება !

აღმოჩნდა, რომ ბავშვებს, რომლებსაც ბუნებრივად კვებავენ, გაცხიმოვნება ბევრად ნაკლებად ემუქრებათ ვიდრე ხელოვნურ კვებაზე მყოფთ. ასე რომ, თუ გსურთ თქვენი შვილი ჯანმრთელი და მოხდენილი გაიზარდოს, რაც შეიძლება მეტხანს კვებეთ ძუძუთი.

breast-feeding-baby

თუ შეამჩნევთ, რომ თქვენი პაწია ნორმაზე გაცილებით მეტს იწონის, მყისვე გადაიყვანეთ კვების მკაცრ რეჟიმზე:

  • მკაცრად დაიცავით საკვების პროპორციულობა; ზომაზე მეტი ცარიელი ბოთლი მაინდამაინც ნუ გაგახარებთ;
  • ბოთლში საკვები ზუსტად იმდენი ჩაასხით, რამდენიც ბავშვს ერგება, არც ერთი გრამით მეტი;
  • საწოვარას გაუკეთეთ პატარა ხვრელი, რათა კვების პროცესი მეტხანს გაგრძელდეს;
  • პატარა ჯერ გახეხილ ბოსტნეულს მიაჩვიეთ, მერე კი ფაფებს; ეცადეთ, თავიდანვე ნაკლებ ცხიმიანი საკვები შეაყვაროთ.

    ასაკი მეორე- უნარჩვევათა ჩამოყალიბება !

ეს ჩვეულებრივ, სკოლამდელ ასაკში იწყება, ფუნთუშა ბავშვების მშობლებს ამ პერიოდში განასაკუთრებული ყურადღება მართებთ.

უპირველეს ყოვლისა, თავი უნდა დააღწიონ ცრუ შეხედულებებს, თითქოს ბავშმა რაც შეიძლება მეტი ცხიმიანი რძე, რძის ნაწარმი და ხორცი უნდა მიიღოს. ამას სჯობს, პატარა ჯანსაღ კვებას მიაჩვიოთ:

  • მიირთვას მეტი ბოსტნეული: კომბოსტო, სტაფილო, კიტრი, ბოლოკი და სხვ. კარტოფილი და ჭარხალი კი, აჯობებს, შედარებით ნაკლები მისცეთ;

  • რძის პროდუქტებიდან ნებადართულია ხაჭო 5 %-ანი, რძე – 2,5%-იანი, არაჟანი – 10 %-იანი ცხიმიანობის, ყველი-მარილისა და ცხიმის საშუალო შემცველობის მქონე;

  • დასაშვებია ქათმის, ინდაურის, კურდღლის, საქონლის, თევზის მჭლე ხორცი, სოსისებსა და ძეხვებს მაინდამაინც ნუ მიაჩვევთ – მათში ბევრი ცხიმია;

  • დღეში 30 გრამზე მეტი კარაქი საზიანოა;

  • რაც შეეხება ვაშლს, მსხალს, ქლიავს, ბალს,ალუბალს, მარწყვსა და ჟოლოს, თუ ჯანმრთელობა ხელს უწყობს, მიირთვას რამდენიც სურს.

Kids eating a healthy meal

 

კვების ასეთი რეჟიმის წყალობით სიმსუქნისკენ მიდრეკილი ბავშვებიც კი სტაბილურ წონას ინარჩუნებენ. ამასთანავე,  ისიც გაითვალისწინეთ, რომ ფსიქოლოგიური მოსაზრებით, ასეთი რეჟიმით კვება მთელ ოჯახს მოგიწევთ.

და ბოლოს, გახსოვდეთ: თუ დღეში დასაშვებზე 1%-ით მეტ კალორიას მიიღებთ, წელიწადში 3-5 კგ-ს მოიმატებთ.

 

ასაკი მესამე- მემბოხენი!

10-დან 14- წლამდე ასაკი  მართლაც რომ გარდამტეხია. ჰორმონთა ჯანყის პერიოდში დაგროვილი კილოგრამები ადამიანს მთელი სიცოცხლე გაჰყვება. მრავალ ქვეყანაში გახსნილია საგანგებო ბანაკები, სადაც ექიმები , ფსიქოლოგები, სპორტსმენები სპეციალური პროგრამების მეშვეობით მოზარდებს წონის კორექტირებას ასწავლიან, უხსნიან რატომ უნდა თქვან უარი შოკოლადის ტორტზე, გაზიან სასმელებზე და სოსისზე.Food-Addiction

 

მკვლევარები გვპირდებიან, რომ მალე სისხლის ანალიზით იმის დადგენასაც შეძლებენ, რამდენად არის ადამიანი მიდრეკილი სიმსუქნისკენ. გადამწყვეტი სისხლში სპეციალური ცხიმების – ტრიგლიცერიდების – დონე ყოფილა. როცა მათი კონცეტრაცია ზომაზე მეტია, თავის ტვინი აღიგზნება, მადა ძლიერდება და ცხიმიან და მაღალკალორიულ საკვებზე მოთხოვნა იზრდება, რასაც მოჰყვება ის ავადსახსენებელი კილოგრამები. რომელთა მოშორებასაც ზოგჯერ მთელი სიცოცხლე ამაოდ ვცდილობთ, მით უფრო ქალბატონები, რომლებიც ბუნებამ მამაკაცებზე მეტი ცხიმოვანი ქსოვილით დაასაჩუქრა.