ინფექციური მონონუკლეოზი

ნანახია 1992-ჯერ.

663049-sick-childინფექციური მონონუკლეოზი ვირუსული დაავადებაა. მისი გამომწვევია ე. წ ეპშტეინ-ბარის ვირუსი, რომელიც ყველაზე ხშირად ბავშვთა ასაკში იჩენს თავს. ინფექცია უმეტესწილად ჰაერწვეთოვანი გზით ვრცელდება. მაგრამ ისიც შეიძლება, რომ ბავშვს მჭიდრო კონტაქტის დროს, (მაგ. კოცნისას), ალიმენტური გზით (საკვებით) და ტრანსფუზიური გზით (სისხლის გადასხმით) გადაედოს. ბავშვები ყველაზე ხშირად სკოლაში ან ბაღში ხდებიან ავად. ერთ წლამდე პატარებს ეს ინფექცია ძალზედ იშვიათად ხვდებათ.

დაავადების ნიშნები

ვირუსი ორგანიზმში, ცხვირ-ხახის გზით აღწევს, ამიტომ ინფექცია უპირატესად ზედა სასუნთქ გზებს აზიანებს.Monosymptoms

დაავადების საინკუბაციო პერიოდი 4-18 დღეა. იშვიათად ბავშვს წინამორბედი ნიშნები აღმოაჩნდება: სისუსტე, უხასიათობა, კუნთების ტკვილი, უმადობა, – მაგრამ უმეტესად დაავადება ყოველგვარი პრელუდიის გარეშე, ერთბაშად, მაღალი სიცხით და ყელის ტკივილით იწყება. პატარას უშუპდება სახე (განსაკუთრებით – ქუთუთოები), უვითარდება კონიუქტივიტი და თვალის გაღება უჭირს, რადგან ქუთუთოები გამონადენით აქვს შეწებებული.

მაღალი სიცხე 1-3 კვირას გასტანს. როცა ინფექციური პროცესი ფარულად მიმდინარეობს (ე.წ წაშლილი, ატიპური ფორმები), პატარას სიცხე არ უწევს.

გარდა სიცხისა, ინფექციური მონონუკლეოზის მთავარი ნიშნებია: ანგინა, ლიმფური კვანძების გადიდება, ცხვირით სუნთქვის გაძნელება.

ავადმყოფს დაავადების პირველივე დღეებში უწითლდება ხახა, უშუპდება ნიშურა ჯირკვლები. შეიძლება, მათზე მოთეთრო-ჭუჭყის ფერი ნადებიც გაჩნდეს.

ლიმფურ კვანძებს შორის ყველაზე ადრე კისრისა და ყბისქვეშა კვანძები დიდდება. განსაკუთრებით შესამჩნევია გადიდებული კვანძები მკერდ-ლავიწ-დვრილისებრი კუნთის გასწვრივ. გენერალიზებული ლიმფადენოპათიის დროს დიდდება ყველა ლიმფური კვანძი.

გადიდებული ლიმფური კვანძები შეხებისას მტკივნეულია და არასოდეს ჩირქდება. ისინი დაახლოებით ორ კვირაში უბრუნდება პირვანდელ ზომას. იშვიათად გადიდებული კვანძი თვეობით შემორჩება ხოლმე.

დაავადების დაწყებიდან მესამე-მეოთხე დღეს დიდდება ელენთა, მცირე ხნის შემდეგ – ღვიძლი. შემთხვევათა 5-10%-ში ბავშვს უჩნდება გამონაყარიც.

გარდა ამისა, ინფექციური მონონუკლეოზის დროს შეიძლება დაზიანდეს გული და ნერვული სისტემა.

დიაგნოზი და მკურნალობა

ინფექციურ მონონუკლეოზზე, გარდა კლინიკური ნიშნებისა მიუთითებს სისხლის ანალიზიც (უწინარეს ყოვლისა, ატიპური მონუკლეარების აღმოჩენა).

დაავადების სამკურნალოდ სპეციფიკური მედიკამენტი არ არსებობს. ამ დროს ბავშვს სიცხის დამწევ საშუალებებს, სადესენსიბილიზაციო მედიკამენტებს, მოსამაგრებლად  – ვიტამინებს უნიშნავენ. მძიმე შემთხვევაში შეიძლება საჭირო გახდეს მკურნალობაში გლუკოკორტიკოიდების , ანტიბიოტიკების ჩართვაც.

ამასთან ერთად, პატარას უნდა ჩაუტაროთ პირის ღრუს სანაცია (გაწმენდა) , სამკურნალო ხსნარებით (გვირილის, სალბის ნაყენით). ნუ მიცემთ ცხიმიან და შემწვარ კერძებს.

რაც მთავარია, ბავშვი გამოჯანმრთელებამდე უნდა იწვეს.