პირველი ბანაობა

ნანახია 1207-ჯერ.

enrico-36გამოუცდელი მშობლისათვის პირველი ბანაობის რიტუალის ჩატარება არც ისე ადვილია. ერთ ხანს ეს საოცრად ძნელად მოგეჩვენებათ, მაგრამ დროთა განმავლობაში პროცედურა იოლი და რაც მთავარია, სასიამოვნო გახდება.

პაწია პირველად ჭიპლარის ნარჩენების მოძრობიდან მესამე-მეოთხე დღეს უნდა დაბანოთ, მაგრამ თუნდაც ყველაფერი კარგად მიდიოდეს, მაინც ნუ დაიზარებთ და პედიატრს ზოგი რამ კითხეთ.

 

როგორი უნდა იყოს წყალი?

ონკანის წყალი აუდუღებლადაც შეგიძლიათ გამოიყენოთ, თუმცა ურიგო არ იქნება, თუ მასში ცოტაოდენ კალიუმის პერმანგანატს გახსნით (იმდენს რომ წყალმა ბაცი ვარდისფერი მიიღოს). დაიხსომეთ: კრისტალები ცალკე ქილაში გახსენით და ისე ჩაასხით აბაზანაში, თორემ გაუხსნელმა ნატეხებმა შეიძლება ბაიას სათუთი კანი დაწვას.

წყლის ოპტიმალური დონე  ფსკერიდან დაახლოებით 5 სმ-ია. წყლის ტემპერატურა დაახლოებით 37 გრადუსი უნდა იყოს, ოთახის ჰაერისა – 22-23 გრადუსი. ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ ოთახში, სადაც პატარას აბანავებთ, ორპირმა ქარმა არ ითარეშოს. ასე რომ ღრიჭოები კარგად დაგმანეთ.

ბანაობა 5-7 წუთი უნდა გაგრძელდეს. პირველი დაბანის დროს დედას მამა ან რომელიმე ნათესავი უნდა ეხმარებოდეს. არ შეშინდეთ, თუ ბავშვმა ტირილი დაიწყო. სანამ ჭიპლარი ბოლომდე არ მოხმება, მუცელს წყალში ნუ ჩააყოფინებთ. ტანი ნაზი ღრუბლით გაუწმინდეთ. არ დაგავიწყდეთ გაუსუფთავეთ კანი ყურს უკან, ფეხისა და ხელის თითებს შორის, იღლია და კისერი. თუ პატარას ქუთუთოები აქვს დასვრილი, აიღეთ ბამბის სუფთა ტამპონი და ფრთხილად გაუწმინდეთ (ბამბა შიგნითა კუთხიდან გარეთასკენ წაუსვით).

საპნის შესახებ

საპნით დაბანა პაწიას კვირაში 2-3 ჯერ სჭირდება. არ არის აუცილებელი, თავი ყოველ ჯერზე დაბანოთ, თუ თმას აშკარად არ ემჩნევა რომ ცხიმიანია. იხმარეთ საბავშვო საპონი ან საბავშვო შამპუნი, რომელიც პატარას ცრემლს არ ადენს. თავი ბოლოს დაბანეთ, რათა თმადასველებული პაწია დიდხანს არ იჯდეს  საპნიან წყალში.

დაბოლოს, პროცედურის დასასრულს ნამცეცას ცალკე ჭურჭელში მომარაგებული წყალი გადაავლეთ (ამ წყლის ტემპერატურა 36 გრადუსი უნდა იყოს). შემდეგ რბილი პირსახოცით გაამშრალეთ და სპეციალური საბავშვო ლოსიონი წაუსვით.

პ.ს ბანაობის შემდეგ. ასე 7-10 დღეში ერთხელ, პატარას ნუნების მაკრატლით დააჭერით ფრჩხილები. ზოგ ბავშვს ეს ძალიან არ სიამოვნებს. თუ თქვენი პაწიაც ასეთი ჭირვეულია, დაელოდეთ სანამ ჩაეძინება.