ქუნთრუშა

ნანახია 1968-ჯერ.

downloadქუნთრუშა მწვავე ინფექციური დაავადებაა, თუმცა მისი გამომწვევი, წითელას, წითურასა და ჩუტყვავილასგან განსხვავებით, ვირუსი კი არა, ბაქტერიაა – ბეტაჰემოლიზური სტრეპტოკოკი, იგი ჰაერწვეთოვანი გზით ვრცელდება, გამავრცელებელი კი ავადმყოფი გახლავთ. იგი გადამდებია დაავადების პირველივე საათებიდან 7-8 დღე, თუმცა თუ ინფექციას გამწვავებები დაერთო, – მაგალითად, ქრონიკული  ტონზილიტი, ოტიტი, ან სინუსიტი, – კონტაგიოზური პერიოდი გრძელდება.

სტრეპტოკოკის გავრცელება სხვა სტრეპტოკოკული ინფექციებით დაავადებულსაც-შეუძლია, პირველ რიგში ანგინიანს.

ქუნთრუშა უპირატესად 2-დან 7 წლამდე ასაკის პატარებს ემართებათ. ის ბავშვები, რომელთაც ჯერ წელი არ შესრულებიათ, ამ ინფექციით ავად არ ხდებიან, განსაკუთრებით – სიცოცხლის პირველ თვეებში. მათ დედისგან მიღებული ანტიტოქსიკური იმუნიტეტი იცავთ.

ერთდროული შემოტევა

1575131ქუნთრუშა ერთბაშად და მწვავედ იწყება. მისი ყველა ძირითადი სიმპტომი – ინტოქსიკაციაა, მაღალი სიცხე, ყელის ტკივილი, სიწითლე – თითქმის ერთდროულად იჩენს თავს. ბავშვს თავის სტკივდება და მადა ეკარგება. არცთუ იშვიათია ღებინება (მსუბუქი ფორმის დროსაც კი). სიცხე მაქსიმალურად იმატებს პირველი დღე-ღამის დასასრულს და მეორე დღის დასაწყისში პატარას ყელი სტკივა და ყლაპვა უჭირს, თუ ყელში ჩავხედავთ, აღმოვაჩენთ, რომ ნუშურები და სასის რკალები მკვეთრად აქვს შეწითლებული. ზოგჯერ სასაზე წვრილწერტილოვანი სისხლჩაქცევებიც კი ჩნდება. ხშირად ვითარდება ანგინაც.

გამონაყარი პირელივე დღის ბოლოს წარმოიქნება, უკიდურეს შემთხვევაში – მეორე დღის დასაწყისისთვის. წვრილი წითელი წინწკლები ჯერ იღლიასა და საზარდულის ნაკეცებში, მუცლის ქვემო ნაწილში, მუხლქვეშა ფოსოებში ჩნდება, ცოტა ხანში კი მთელ სხეულს მოედება. სუფთა რჩება მხოლოდ ცხვირი და არე ტუჩების ირგვლივ.  ეს თეთრი სამკუთხედი (ე.წ ცხვირ-ტუჩის სამკუთხედი) წითელი ლოყების ფონზე პატარს ძალზე დამახაისათებელ შესახედაობას სძენს. კანი წითელია, მშრალი და ცხელი. თუ დავჭიმავთ წინწკლები შეიძლება გაუჩინარდეს.

გამონაყარის ასეთი სწრაფი განვითარება ქუნთრუშას ერთ-ერთი მთავარი ნიშანია. სხვა ინფექციების დროს გამონაყარი ავადმყოფობის დაწყებიდან მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ წარმოიქმნება.

თუკი ბავშვის გაწითლებულ კანზე ბლაგვი ბოლოთი ფანქარს გავატარებთ, გაჩნდება თეთრი ხაზი, რომელიც კარგა ხანს  არ გაქრება. ამას “თეთრ დერმოგრაფიზმს“ უწოდებენ.

ვიწყებთ გამოჯანმრთელებას

ყველა ეს სიმპტომი პიკს მეორე მესამე დღეს აღწევს, მერე კი თანდათან უკუგანვითარდება. ნორმას უბრუნდება სხეულის ტემპერატურა, ყელში ანთება ცხრება, ენა, რომელსაც შესამჩნევი ნადები ჰქონდა, იწმინდება. ამ დროს მასზე კარგად გამოიხატება დვრილები (ე. წ ჟოლოსფერი ენა), კანი ფერკმთალდება და ძლიერ იქერცლება, ყველაზე მეტად – ხელისგულებზე, სადაც გარქოვანებული ფენა თითის წვერებიდან ხელისგულებისაკენ ხელთათმანივით ძვრება.

როგორ ვმკურნალობთ

სტრეპტოკოკი ბაქტერია. მას რომ გავუმკლავდეთ, ანტიბიოტიკს უნდა ვუხმოთ. ანტიბიოტიკების აღმოჩენამდე ქუნთრუშა საშიშ დაავადებად მიიჩნეოდა. ახლა კი, თუმცაღა ბეტა-ჰემოლიზური სტრეპტოკოკი ოდნავაც არ გაკეთილშობილა, ეფექტური პრეპარატების წყალობით ბავშვების სიცოცხლეს საფრთხე თითქმის არ ემუქრება. “თითქმის“ იმიტომ, რომ ქუნთრუშა მხოლოდ მაშინ გახლავთ იოლი მოსახდელი, როცა მას მართებულად მკურნალობენ.

ამგვარად, თვითმკურნალობას არ გირჩევთ, იმ შემთხვევაშიც კი, როცა თქვენი აზრით, პატარას დაავადების მსუბუქი ფორმა აქვს. უთუუოდ მიმართეთ ექიმს და ზუსტად შეასრულეთ მისი ყველა რჩევა. დროული ანტიბიოტიკოთერაპიის შემთხვევაში ქუნთრუშაც მალე გაივლის, მკურნალობის გარეშე კი თითქმის ყოველთვის მძიმე გართულებები მოსდევს.

ხოლო რაც შეეხება გართულებებს

მათი ხსენება ნამდვილად ღირს: შუა ყურის ჩირქოვანი ანთება, გლომერულონეფრიტი, ლიმფადენიტი, ალერგიული მიოკარდიტი, ართრიტი, რევმატიზმიც კი. თანაც ეს სრული ჩამონათვალი როდი გახლავთ. ამ დაავადებათა მკურნალობა ხანგრძლივი და რთული პროცესია. ხშირად ეს პათოლოგიები ქრონიკული ხდება და პატარას მომავალში მძიმე პრობლემად ექცევა. ამიტომ ავადმყოფობის დროსაც და ერთხანს განკურნების შემდეგაც ყურადღებით ადევნეთ თვალი ბავშვის მდგომარეობას. გართულებები ზოგჯერ სწორედ მაშინ წამოყოფენ თავს , როცა გგვგონია, ყველაფერი უკან დარჩა.

ბავშვი ბაღში ან სკოლაში მანამდე არ გაუშვათ, სანამ არ დარწმუნდებით, რომ ის მართლაც გამოჯანმრთელდა და ძველებურად კარგად გრძნობს თავს. მოარიდეთ სხვებთან კონტაქტს 3-5 კვირით მაინც – ასეთი მძიმე დაავადება საგრძნობლად აქვეითებს ბავშვის იმუნიტეტს და პაწია შეიძლება კვლავ ავად გახდეს.

გართულებების ნიშანია ტემპერეტურის ხელახლა მომატება, ყურის ტკივილი, გამონადენი ცხვირიდან, ლიმფური ჯირკვლების გადიდება და მტკივნეულობა, სახსრების შესიება და შეწითლება, ტკივილი ყლაპვის დროს. ეს ადრეულ პერიოდშივე შეიძლება მოხდეს.

უფრო გვიან (3-4 კვირის შემდეგ) შეიძლება განვითარდეს ნეფრიტი. ასე რომ, თვალყური ადევნეთ შარდის ფერსა და ბავშვის საერთო მდგომარეობას.