ბრონქიტი

ნანახია 1253-ჯერ.

 

u1188_602x312ბრონქიტი ბრონქებისა და ბრონქიოლების (წვრილი ბრონქების) ლორწოვანი გარსის ანთებაა. იგი სასუნთქი ორგანოების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადება გახლავთ და რესპირაციული (სასუნთქი) ტრაქტის პათოლოგიათა ყველა შემთხვევის სულ ცოტა მესამედს შეადგენს.

ბრონქიტის განვითარებას ინფექციები იწვევს: ვირუსები, ბაქტერიები, მიკოპლაზმა… ვირუსთაგან ბრონქებს უპირატესად გრიპის, პარაგრიპის, რნმ -შემცვლელი ვირუსები და ადენოვირუსები აზიანებს. ახალშობილებსა და 3 წლამდე ასაკის ბავშვებში ყველაზე ხშირად ციტომეგალოვირუსით გამოწვეული ბრონქიტები გვხვდება.

ვირუსები ბრონქების ლორწოვანში იჭრება და მის თავდაცვით ფუნქციას თრგუნავს, ეს კი ბაქტერიების გაძლიერებას, გამრავლებასა დამეორეული ინფექციების (ბაქტერიული ბრონქიტის) განვითარებას განაპირობებს.

ბაქტერიებს შორის ბრონქიტის ყველაზე ხშირად პნევმოკოკები, ჰემოლიზური სტრეპტოკოკი, ოქროსფერი სტაფილოკოკი იწვევს.

გასული ათი წლის მანძილზე გაირკვა, რომ არანაკლები წვლილი მიუძღვით ბრონქიტის განვითარებაში  ე.წ უჯრედშიგა გამომწვევებს: ქლამიდია ბრონქიტის შემთხვევათა 17%-ს იწვევს , მიკოპლაზმა კი 15%-ს.

ზოგჯერ დაავადებას ერთდროულად ვირუსი და ბაქტერია და მიკოპლაზმა იწვევს. ამის კვალობაზე, განარჩევენ ბაქტერიულ-ვირუსულ და ბაქტერიულ -მიკოპლაზმურ ბრონქიტებს.

დააავადება ყველაზე ხშირად ვითარდება წელიწადის ცივ პერიოდში (შემოდგომის მეორე ნახევარსა და ზამთარში), ეპიდემიური აფეთქების დროს.

კლინიკური ნიშნები

bronchitis-copyბრონქიტის ყველაზე ცხადი ნიშანი ხველაა. ზოგჯერ ეს სიმპტომები თავს იჩენს ზედა სასუნთქი გზების მწვავე ანთების ნიშნების (სურდოს, ცემინების) განვითარებიდან რამდენიმე დღის შემდეგ, ზოგჯერ კი ბრონქიტი თავიდანვე ხველით იწყება. ხველას თან სდევს ჩახეხვას ან ტკივილის შეგრძნება მკერდის ძვლის უკან. მალე ანთება შეიძლება ყველა მსხვილ თუ წვრილ ბრონქზე გავრცელდეს, აღმოცენდეს ობსტრუქცია, (შეტევითი ხასიათის ხველა და ქოშინი). მეორე-მესამე დღიდან ავადმყოფს ეწყება მცირე რაოდენობით ლორწოვანი, ლორწოვან-ჩირქოვანი, ხანდახან კი სისხლნარევი ნახველის გამოყოფა.

ბრონქიტით დაავადებულთა უმრავლესობას აღენიშნება ტკივილი გულმკერდის ქვედა არეში, რაც ხველასა და დიაფრაგმის შეკუმშვას უკავშირდება, საერთო სისუსტე, სახსრების ტეხა, ტკივილები ზურგსა და კიდურებში, ზოგჯერ ოფლიანობა.

სხეულის ტემპერატურა მეტწილად ნორმალურია ან მცირედაა მომატებული და რამდენიმე დღე 37,5 -38 გრადუსს არ სცდება. მაგრამ თუ ბრონქიტს გრიპიც ერთვის, ტემპერატურა საგრძნობლად იმატებს (38-39 с-მდე), ტუჩის კუთხეში ჰერპესული ხდება (წითლდება), ჩნდება წერტილოვანი სისხლჩაქცევები, აღინიშნება თვალების სიწითლე.

ბრონქიტის დიაგნოზის დასმა ექიმისთვის ძნელი არ არის. გარდა ჩამოთვლილი სიმპტომებისა, დაავადებას ავლენს ნიშნები, რომლთა მოსმენა და შემჩნევა მხოლოდ ექიმს შეუძლია (მაგალითად, მშრალი, იშვიათად -სველი ხიხინი). კარგად ჩანს ბრონქიტი რენტგენოგრამაზე; შეიმჩნევა მცირე ცვლილებები სისხლშიც.

მწვავე ბრონქიტს ხანმოკლე მიმდინარეობა ახასიათებს. თუ მსუბუქი ფორმაა, 2-3 დღეში , სხვა შემთხვევებში კი ერთ კვირაში გაივლის, თუმცა მცირენახველიანი ხველა 10-14 დღე გრძელდება.

არაადეკვატური მკურნალობისა და პროცესის გართულების შემთხვევაში ანთებამ შეიძლება ალვეოლები (ფილტვის ქსოვილი) მოიცავს, განვითარდეს პნევმონია ანდა ქრონიკული ჩამოყალიბდეს.

ბრონქიოლოტი

ბრონქიოლიტი  უფრო ხშირად ბავშვებს ემართებათ, მაგრამ შეიძლება ზრდასრულსაც დაემართოთ, განსაკუთრებიც – მოხუცებს. ის გაცილებით მძიმედ მიმდინარეობს, ვიდრე ჩვეულებრივი ბრონქიტი. ეს იმის ბრალია, რომ ბრონქიოლები და წვრილი ბრონქების სანათურები ვიწროვდება, რაც ჰაერის გავლას აფერხებს. ყალიბდება სუნთქვის უკმარისობა. ადამიანს აწუხებს ქოშინი, ზედაპირული სუნთქვა, სუნთქვაში იშველიებს კუნთებს. აღენიშნება სახისა და ლორწოვანი  გარსების ციანოზი (სილურჯე), ულურჯდება ცხვირი, ყურები, ფეხისა და ხელის თითები.

ეს დაავადება 1.5-2 თვემდე გასტანს.

ქრონიკული ბრონქიტი

ქრონიკული ბრონქიტის დროს ბრონქების ლორწოვანი უფრო მეტად ზიანდება, ანთება ღრმა შრეებს მოიცავს.

ბრონქიტის ქრონიკულ ფორმაზე მაშინ ვლაპარაკობთ, როცა ორი წლის განმავლობაში ავადმყოფობა რამდენჯერმე მეორდება და გრძლედება სამი თვე ან ამაზე მეტხანს.

ქრონიკული ბრონქიტი უმეტესად შემოდგომაზე და ზამთარში მწვავდება, მაშინ, როცა ვირუსული ინფექციები თარეშობს. ვირუსების შემოტევისგან დასუსტებული ბრონქები ბაქტერიებს ვეღარ უმკლავდება და ვითარდება ანთება.

ქრონიკული ბრონქიტი უპირატესად მათ აწუხებთ, ვისაც მუდმივად უღიზიანდება ბრონქები დაბინძურებული ჰაერით, მტვრით, თამბაქოს კვამლით. მწეველებს ქრონიკული ბრონქიტი 3-4 ჯერ უფრო ხშირად ემართებათ.